English / ქართული / русский /
გიორგი ბრეგვაძე
მწვანე ეკონომიკა და მშენებლობა

ანოტაცია.სტატიაში განხილულია მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობა და ამოცანები სტაბილური ეკონომიკის განვითარებისათვის. ძირითადი ნაწილი ეძღვნება მწვანე ეკონომიკის პრობლემების არსებობას მშენებლობის სექტორში. დეტალურად არის განხილული სამშენებლო კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ საქმიანობა.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა, მშენებლობის სექტორი, „მწვანე ქალაქი ლისზე“. 

1970 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოში ბუნებრივი რესურსების წლიური მოხმარება დედამიწის რეგენერაციის უნარს 1.5-ჯერ აჭარბებს, რაც ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში მოხმარებული რესურსების აღსადგენად დედამიწას ერთი წელი და 6 თვე სჭირდება. 2030 წლისათვის ამ ტენდენციების გათვალისწინებით, მოხმარება 2-ჯერ გადააჭარბებს წარმოებას.

2000-2010 წლებში გლობალურად ტყის რესურსების დანაკარგი 8.3 მილიონი ჰექტრიდან 8.2 მილიონ ჰექტრამდე შემცირდა, რაც გამოწვეული იყო ხელოვნური თუ ბუნებრივი ტყის რესურსების აღდგენით.

1988 წლიდან 2013 წლამდე 98%-ით შემცირდა ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების მოხმარება. დაახლოებით 1.3 მილიარდი ადამიანი ჯერ კიდევ უნაყოფო მიწაზე ცხოვრობს. 1990-2013 წლებში ნახშირორჟანგის ემისია გაიზარდა 50%-ით. მსოფლიოს მოსახლეობის 40% - ზე მეტი ჯერ კიდევ არასაკმარისი რაოდენობით მოიხმარს წყალს. სითბური გაზების გამოფრქვევის ზრდა, კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის შემცირება - ყველა ეს ფაქტორი ზრდის დაავადებათა რიცხვს.

დღემდე მსიფლიოში 3 მილიარდი ადამიანი ტრადიციულად ბიომასას - ხე-ტყეს იყენებს გასათბობად, ამასთან, გავითარებადი ქვექნები წიაღისეული რესურსების გამოყენების მზარდი ტენდენციით ხასიათდებიან. კრიტიკულ ზღვარზეა ტყეების, ჭაობების მდგომარეობა. მათი აღდგენის შესაძლებლობა დღითი დღე უარესდება. მიმდინარე ტენდენციები და კვლევები გვიჩვენებს, რომ ქალაქმშენებლობისათვის მიწის ფართობების გამოყენება მომავალი 40 წლის მანძილზე შეიძლება გაორმაგდეს. ბოლო 50 წლის განმავლობაში წყლის მოხმარება გაიზარდა სამჯერ როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიულ და სასოფლო-სამეურნეო სექტორში. ნარჩენების ზრდა 50 მილიარდ ტონამდეა გაზრდილი წლის განმავლობაში.

ეს გამოწვევები ადამიანებს უბიძგებს იმისკენ, რომ ეძებონ გამოსავალი. ასეთი ერთ-ერთი გზა კი მწვანე ეკონომიკაა.

მწვანე ეკონომიკა შეიძლება გახდეს მდგრადი განვითარებისა და სიღარიბის აღმოფხვრის მექანიზმი. შედეგი კი ადამიანის გაუმჯობესებული კეთილდღეობა და სოციალური თანასწორობა, რომელიც ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს და ეკოლოგიურ დეფიციტს. მას შეუძლია ბუნებრივი და ფინანსური კაპიტალის უფრო ეფექტურად და ოპტიმალურად გამოყენება, ეკონომიკური პროგრესი, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიურად მდგრად, ნახშირბადის დაბალი შემცველობის და სოციალურად ინკლუზიურ განვითარებას.

პირველად ტერმინი მწვანე ეკონომიკა გახმიანდა 1972 წელს სტოკჰოლმში UW-ის კონფერენციაზე, ხოლო 1980 წელს გამოყენებულ იქნა მსოფლიო კონსერვაციის სტრატეგიის ანგარიშში. ლიტერატურაში კაპიტალისა და მდგრადი განვითარების ურთიერთკავშირი 1982 წელს გამოქვეყნებულ წიგნში - „მწვანე ეკონომიკის კონცეფცია“ - დადგინდა. UWEP-ის განსაზღვრების მიხედვით, მწვანე ეკონომიკა უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას და აუმჯობესებს სოციალურ მდგომარეობას, ის ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს და ეკოლოგიურ პრობლემებს.

1987 წელს გარემოს დაცვისა და განვითარების მსოფლიო კომისიამ მიაღწია კონსესუსს, რომ მომხდარიყო მდგრადობის ზუსტი განმარტება და დეფინიცია, რაც გულისხმობს, რომ მდგრადია განვითარება, რომელიც ისე აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს, რომ არ მოხდეს მომავალი თაობების შესაძლებლობებისა და მოთხოვნების უგულებელყოფა (WCED 1987).

მწვანე ეკონომიკა ექვს მთავარ სექტორს მოიცავს,

  1. განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, გეოთერმული, საზღვაო, მათ შორის ტალღების, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია).
  2. მწვანე შენობები ( ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე სამშენებლო პროდუქტები და მასალები).
  3. სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები).
  4. წყლის მენეჯმენტი (წყლის და წვიმის გამწმენტი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება).
  5. ნარჩენების მენეჯმენტი (უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი მასალების გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა).
  6. მიწის მენეჯმენტი (ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და პარკები, ტყეების განაშენიანება).

მწვანე ეკონომიკის ფორმირებისათვის 5 ძირითადი ასპექტია გათვალისწინებული.

  1. ეროვნული ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა.
  2. ადგილობრივი უფლებები და შესაძლებლობები.
  3. ინკლუზიური მწვანე ბაზრები.
  4. საერთაშორისო პოლიტიკის ჰარმონიზაცია და მხარდაჭერა.
  5. პროგრესის გასაზომად ახალი პარამეტრების შემოღება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით მუშაობა დაიწყო. მწვანე ზრდის პოლიტიკის სტრატეგიაზე. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (G12) ერთად მომზადებული მწვანე ეკონომიკის ზრდის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის შემდეგ სტრატეგიის შესამუშავებლად შემდეგი დონორი ორგანიზაციები მონაწილეობენ: ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკის განვითარების პროექტები (EaP Green), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UWEP). მწვანე ზრდის სტრატეგიის დოკუმენტმა უნდა მოიცვას ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, განათლების სექტორები, აგრეთვე ამ სექტორებში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი დაფინანსების საკითხები. საქართველო უკვე მიუერთდა მწვანე ზრდის დეკლარაციას. დეკლარაციას მიერთებულ ქვეყნებში ერთდროულად უნდა იყოს გათვალისწინებული ორივე მიმართულება „მწვანე“ და „ზრდა“. ასევე მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს მწვანე ინვესტორებს. ამასთან, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო წაახალისებს გარემოს დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებას.

მშენებლობის სექტორში „მწვანე ეკონომიკის“ დანერგვას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. უახლეს სტატისტიკას თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს, რომ მშენებლობის დარგი მთლიან შიდა პროდუქტში წილის მიხედვით, უმსხვილესი დარგების ხუთეულშია. ამ დარგშია დასაქმებული მრავალ ათეულ ათასი ადამიანი. ამიტომ დარგის გამწვანებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ევროპასთან დაახლობის კუთხით ამ სფეროში შემოდის მრავალი რეგულაცია და სტანდარტები, რომლებიც ითვალისწინებს ეკოლოგიურ, გარემოსდაცვით, ენერგოეფექტურ სტანდარტებს. ეს ეხება როგორც შენობა-ნაგებობებს, ასევე სამშენებლო მასალებს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში „მწვანე ეკონომიკის“ სამშენებლო სექტორში დანერგვის ერთ-ერთი პიონერი იყო სამშენებლო კომპანია „ლისი დეველოპმენტი“.

2011 წლიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია, ასეულობით დასაქმებული ადამიანი და ერთი უკაცრიელი ტერიტორია, დღეს უკვე პოპულარულ სარეკრეაციო ზონას და ჩვენს თვალწინ გაშენებულ ახალ მწვანე ქალაქს აერთიანებს. ტერიტორიის 20% სამშენებლოდ არის გამოყენებული, დანარჩენი 80% კი გამწვანებისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობას დაეთმო. ეს ამ სექტორში უნიკალურია. „ლისი ვერანდა“ თავისი არსით დიდი ქალაქის მხოლოდ ერთი უბანია. დღეს პროექტის - „მწვანე ქალაქი ლისზე“ - პირველ უბანში „ლისი ვერანდაზე“ 200-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, ორივე უბანში კი უკვე 400-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია რეალიზებული. მეხსან მაჭავარიანის ქუჩას, ლისის ტბისა და ვაშლიჯვრის დასახლების გავლით, პირდაპირ ამ ქალაქთან მივყავართ. დღეს ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ერთ დროს ეს ადგილი უკაცრიელი იყო. მთელი ტერიტორია მოვლილი, ხასხასა ბალახით არის დაფარული, ხეები, დეკორატიული ბუჩქები, ირგვლივ ყველაფერი მწვანეა, ეკოქალაქის კონცეფციის შესაბამისად.

მწვანე უბნის გამწვანების გეგმა ქართველმა და იტალიელმა ლანდშაფტის სპეციალისტებმა განახორციელეს. განაშენიანება აქ პარკის ირგვლივ გაკეთდა ე.წ გერმანულ ტიპის განაშენიანების პრინციპით. მწვანე ქალაქის პირველი პარკი 4000 კვ მეტრის ფართობზე გაშენდა. მცხოვრებლებს ასევე შეუძლიათ საცურაო აუზით და სავაჭრო დარბაზით ისარგებლონ.

„ლისი დეველოპმენტმა“ მოახერხა და თავისი კონცეფცია ეფექტიან ბიზნესმიმართულებად აქცია. ეს სანერგე „ლისი გრინსია“, რომელიც ექსკლუზიურად იტალიიდან ჩამოტანილი მცენარეების ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა. „ლისი გრინს“-ი გარემოს გასამწვანებლად მრავალგვარ მარადმწვანე და ფოთლოვან მოყვავილე ხეებსა და ბუჩქებს, იშვიანი ჯიშის ხილის ხეებს, იაპონურ ნეკერჩხალს, ლიანებს, ბონსაის, ვარდებს და ღვიების კოლექციებს გვთავაზობს. „ლისი გრინსის“ პარტნიორია ცნობილი იტალიური კომპანია Innocenli mangoni Piante, რომელიც 1950 წლიდან წარმატებით ასპარეზობს სანერგე ინდუსტრიაში.

ჯგუფის საკუთრებაში არსებული ტეროტიროა 350 ჰექტარს იკავებს, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ „მწვანე ქალაქი ლისზე“ მართლაც სრულფასოვანი ქალაქი იყოს. 15 ჰექტარი უკვე სრულად განაშენიანებულია და ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც მთელ ტერიტორიას უფრო მიმზიდველს ხდის და, რაც მთავარია, არა მხოლოდ მათთვის, ვინც მწვანე ქალაქში უკვე დაიდო ან დაიდებს ბინას.

კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“ 2012 წელს ლისის ტბის ინფრასტრუქტურის განახლება დაიწყო. ლისის ტბა, რომელიც თავისი შემოგარენით ზღვის დონიდან 615-730 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მათ შორის ამ მდებარეობის გამოც, რაც თბილისის სხვა უბნებთან შედარებით უფრო მაღალია, მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, სულ ითვლებოდა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სარეკრეაციო ზონად. 2012 წლამდე, გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო, მთლიანად ამოვარდნილი იყო ქალაქის ცხოვრებიდან. არადა ტბის ტერიტორია თბილისში ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ფაუნით გამოირჩევა. 2012 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიის განვითარებაზე ზრუნვა უკვე აქტიურად დაიწყო, თბილისის მერიასთან ერთად ტბის გარშემო შეიქმნა სარბენი და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, სანაპიროზე გამოჩნდა სპორტული და საბავშვო მოედნები. 2015 წლიდან ფუნქციონირებს ღია კაფე, სანაოსნო პუნქტი და ახალი სანაპირო ზოლი გარუჯვის მოყვარულთათვის.

2015 წელი ტერიტორიის განვითარებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ამავე წელს ამ ადგილას გოგირდის აბანოები გაიხსნა, რის შესახებაც ბევრმა შეიძლება არც კი იცის. „ლისი დეველოპმენტმა“ ლისის ტბის შემოგარენში თერმული წყარო გოგირდის სამკურნალო წყლების აბაზანებით და მექისის მომსახურებით დატვირთა. ამ ადგილის დამატებული ღირებულება ლისის ტბის ულამაზესი ხედებიც არის, აბანოს ტერასიდან რომ იშლება.

„თიბისი ბანკის“ და „ლისი დეველოპმენტის“ პარტნიორობით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული აკადემია, რომლის ახალი შენობა 4700კვ მეტრზეა განლაგებული და მოიცავს 33 საკლასო ოთახს, 3 მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ ლაბორატორიას, 300 მოსწავლეზე გავლილ აუდიტორიასა და კაფეტერიას. აკადემიის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს საინფორმაციო რესურსების ფართო არჩევანს სთავაზობს: 24000 წიგნი მოსწავლეთა განკარგულებაშია.

ევროპასთან დაახლოების კუთხით საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებად უნდა ჩაითვალოს ასევე ევროპის ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანებაც. ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის გარგლებში, საქართველო ვალდებულებას იღებს, განახორციელოს დირექტივები შენობებში ენერგოეფექტიანობის დანერგვის საკითხებთან დაკავშირებით. ვალდებულების მიხედვით, ყველა ახალი შენობა უნდა შეესაბამებოდეს ენერგოეფექტიანობის სტანდარტებს. „ლისი დეველოპმენტმა“ ამ კუთხით დროს ნამდვილად გაუსწრო. მშენებლობაში მხოლოდ თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ენერგოეფექტიანი მასალები გამოიყენება. ყველგან, სადაც შესაძლებელია, დამონტაჟებულია სენსორები იმისთვის, რომ ენერგია ავტომატურ რეჟიმში დაიზოგოს. წვიმის წყლის შეგროვებაც ხდება, რომ სარწყავი მიზნებისთვის წყალი ზედმეტად არ დაიხარჯოს.

„ლისი დეველოპმენტის“ მსგავსად, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, განსაკუთრებით ბათუმში, უკვე მრავალი სამშენებლო კომპანია ეწევა მწვანე ქალაქების მშენებლობას. თბილისში ზღვის ტერიტორიაზე, ორთაჭალაში, ბაგებში, დიდ დიღომში და სხვა. ზოგად უკვე აშენდა და კიდევ მიმდინარეობს მშენებლობები მწვანე რეკრეაციული მოწყობით. შენობების ირგვლივ გამწვანების მოწყობაზე უკვე მოთხოვნაა და სავალდებულოა. ძალზე აქტუალურია ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით მშენებლობა, ასევე სამშენებლო ნარჩენების გატანა და უტილიზაცია, რასაც მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. თუმცა ჯერ კიდევ არიან სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ამ ახალ სტანდარტებს არ იცავენ. არამედ ხშირად უკანონო მშენებლობებსაც იწყებენ. ჭრიან მწვანე ნარგავებს. თუმცა ეს ერთეული შემთხვევებია.

მთლიანობაში, მშენებლობის სექტორში სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს გამწვანების ტენდენცია. ამაში მთავრობას და მერიის დამსახურება დიდია.

მთავარია ის, რომ მთავრობამ მწვანე ეკონომიკა ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა. თბილისის შემოვლითი გზის პროქტი იმ სახით, როგორც იყო, არ განხორციელდება. დღეს წარმოდგენილი პროექტი გულისხმობს ღია მეტროს მშენებლობას. 8 სადგურის მშენებლობას, ეტაპობრივად ისე, რომ ქალაქის შედარებით მოშორებული უბნები მიწისზედა მეტროთი იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს ძალიან ნოვატორული პროექტია. ევროპის წამყვან ქვეყნებში ასეთი ტრანსპორტით ხდება მოშორებული უბნების ერთმანეთთან დაკავშირება და ზოგადად კონცეფცია, რომ საზოგადოებრივი ტრასპორტი უნდა იყოს უფრო სუფთა, ავტობუსების ხაზების პრიორიტეტულობა სამოძრაო გზებზე არის მნიშნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. უკვე შემოყვანილია დიდი რაოდენობით ავტობუსები და იგეგმება კიდევ შემოყვანა, რომლებიც დიზელის საწვავზე კი არა არამედ გაზზე იმუშავებენ, რაც ქალაქის ეკოლოგიურ გარემოზე დადებითად აისახება და უფრო ეკონომიურიცაა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ვებგვერდი - http://region.ge
  2. ვებგვერდი - http://ubani.ge (ლისი დეველოპმენტი)
  3. ვებგვერდი - https://forbes.ge - სტატია „მწვანე დეველოპმენტის უპირატესობა“
  4. მწვანე ეკონომიკის ინსტიტუტი - http://greeneconomics.org.uk/
  5. საერთააშორისო ჟურნალი მწვანე ეკონომიკის შესახებ - http://www.inderscience.com/ijge
  6. ქეთევან კრიალაშვილი, მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა, ბათუმი, 2017. (https://www.slideshare.net/ketikrialashvili/ss-78196550)